დიდი, კეთილი თვალები, ბავშვური ეშმაკობის ნაპერწკლით; ტყის ბალახების ნაყენით შეღებილი ფირუზისფერი თმა, მიწის წვენის და სიბერის კეთილშობილი სუნით; გრძელი მოსასხამი, ორნამენტებით სახელოებზე; მოზრდილი კვერთხი, შუაში მბჟუტავი, მრგვალი ქვით; კვერთხზე შემოხვეულ, დევების სისხლით შეღებილ ნაჭრებთან ერთად, ფერადი ბუმბულების ოდნავ გასაგონი შრიალი და ხმელი, მაგრამ მოუსვენარი ტუჩების ცმაცუნით ნათქვამი უცნაური სიტყვების კორიანტელი - აი, რა ახარებს ჭინკების უმრავლესობას ადამიანების შეშინებაზე მეტად.
სტუმრის გამოჩენისთანავე ტყეში დიდი კაკაფონია იწყება: ხიდან ფოთლები თამამად ცვივა, მოხუცის თმაზე ნაზად რომ ჩამოსრიალდნენ - მერე ხომ კეთილი შელოცვის წყალობით ისევ ტოტებს უბრუნდებიან; სოკოები წრეებს კრავენ და ციბრუტივით ტრიალებენ, ბებერი ჯადოქრის ნატერფალზე აყრილი მტვერით ქუდები ლამაზად რომ დაიწინწკლონ; ყველა ხვიარა მცენარე, ნაჭრის კეთილსურნელების შესასრუტად, მოსასხამს ეპოტინება, შემდეგ, არომატული ყვავილებით რომ იყვავილონ; ჭინკები კი თავქუდმოგლეჯილები დარბიან, ერთი ოხუნჯობის სანაცვლოდ, მთელი წლის ნაგროვები ავლადიდებიდან რამე, ყველაზე ჯადოქრული რომ შესთავაზონ ძველ მეგობარს.
მათ, ვისაც კარგად ახსოვს, რა ახარებს მოხუცს ყველაზე მეტად, განსაკუთრებული საჩუქრით ჯილდოვდება. სწორედ ამის გამო, ზოგი ჭინკა მთელ დღეებს ციცაბო კლდეებზე და ბებერ, უზარმაზარ ხეებზე იშვიათი ფრინველების ბუდეების ქექვაში ატარებს. იქ, თუ გაუმართლათ, რამდენიმე ბუმბულს იპოვიან, ხოლო თუ მოპოვებული განძი კეთილი ჯადოქრის გამოჩენამდე არ დაკარგეს, სანაცვლოდ იმას იღებენ, რაზეც ყოველთვის ოცნებობდნენ: ზოგი მფრინავ ციყვად გადაქცევის საიდუმლოს სწავლობს, ზოგი იგებს, ტყის ყველაზე ლამაზი ყვავილები სად ხარობს, ზოგი კი, მიწის ღმუილის სმენით, ტყის მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭს იძენს.
როცა ყველა კმაყოფილი და კაკაფონიით მოქანცულია, ჯადოქრის კვერთხზე მიმაგრებული ახალ-ახალი ბუმბულების შრიალი თანდათან ნელდება და ბოლოს, წყდება. არავინ უწყის, სად მიდის მათი მეგობარი და არც ის წარმოუდგენია ვინმეს, საიდან მოდის, ტყის მცხოვრებლებმა ამის შესახებ მხოლოდ ძველთაძველი თქმულება იციან, თითქოს ჯადოქარი სინამდვილეში უზარმაზარი ფრინველია ჭრელი ფრთებით, რომელთა მოქნევაზეც ხეები ჭრიალებენ, საგულდაგულოდ დავარცხნილი ალების თმა კი აბლაბუდად იქცევა. ამბობენ, რომ მის გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ტყეს ყოველთვის აშრიალებს ქარი მისი მოსასხამის სურნელით, ხოლო გაუჩინარების შემდეგ, მისი, კვერთხზე ასხმული ქვების წკრიალი არემარეს ხის კენწეროებიდან ეფინება და ძილისპირულივით ტკბილად ზავდება ჰაერის სიგრილეში.
No comments:
Post a Comment