სოკოების სოფელში ყველა სახლი განსხვავებული და მეპატრონეზე იდეალურად მორგებულია, ასე რომ, სამოსახლოსთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, მასში მცხოვრებლის ზნე-ჩვეულებების ამოსაცნობად. მაგალითად, თიხის ოსტატის ეზო მუდმივად მიწის მოყვითალო-მოყავისფრო, რბილი ბელტებითაა მოთხვრილი; მკერავის ბაღში, ხეებზე ჩამოკონწიალებული, სხვადასხვა ფერის ნაჭრების ფონზე, აბრეშუმის პეპლები დაფრინავენ; მზარეულის სახლს შორიდანაც ადვილად იყნოსავთ, მაგრამ აი, სხვა სახლებისგან მოშორებით მდგარი დაბრეცილი ქოხი მოკლებულია რამენაირ, განსაკუთრებულ მახასიათებელს, თუმცა კი მასში მობინადრე ძალიანაც უჩვეულო ჭინკა ბრძანდება:
მასზე ყვებიან, თითქოს ყველაზე უკეთ იცნობს სოკოების იდუმალ სამეფოს, მისი სახლის კედლებს იქეთ კი უცნაური ინსტრუმენტები და გაურკვეველი წარწერებით აჭრელებული ქაღალდების ისეთი ზედახორა დგას, გზის გაკვლევა ჭიანჭველებსაც კი უჭირთ. მეზობლების ისტორიები ქოხის ბინადარზე ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნიან, თითქოს საქმე ერთ უჟმურ, მარტოსულ ბრძენთან გვქონდეს, მაგრამ სინამდვილეში, სეირნობიდან დაბრუნებულს თვალს თუ ყურადღებით შევავლებთ, ხელში პატარა, წითური ჭინკა შეგვრჩება სხარტი თვალებით, ოდნავ ეშმაკურად აზნექილი ტუჩის კიდით და მხარზე გადაკიდებული მოზრდილი სოკოთი, რომლისგანაც თითქოს ჯადოქრებისთვის ელექსირებს, ალებისთვის - შხამებს, დევებისთვის კი შიმშილის დასაცხრომ ნაყენებს ამზადებს. არავინ იცის, რამდენად ახლოა სიმართლესთან მეზობლების ვარაუდები, მაგრამ კეთილშობილი ყვავილებით დამშვენებული დარაბების მიღმა არაფერი სოფლისთვის საშიში რომ არ ხდება, ეს ყველასთვის აშკარაა, მით უმეტეს, ყველა სოკო, რომელშიც მეზობლები ცხოვრობენ, ოდესღაც მისი რჩევა-დარიგებების მიხედვით შეირჩა. მასზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს, ამ, მის მსგავსად, საიდუმლოებებით დანისლული მცენარეებიდან რომელი ვარგა საცხოვრებლად და რომელი - არა.
სამაგიეროდ, ყველამ იცის სოფლის მეორე განსაკუთრებული მცხოვრებლის, ტყის მხეცების მეგობრისა და მათი მცველის ისტორია. მისი, ბოძებზე შემართული ხუხულა, რომელიც სოფლის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს, ყველას უსაფრთხოების და სიმშვიდის სასიამოვნო განცდას უღვივებს.
მასზე ყვებიან, თითქოს, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა და დაუცველი იყო, ტყეში მოულოდნელი ხანძარი გაჩნდა. ირგვლივ ყველას გაშმაგებული, ბრმა ცეცხლის ალი და ცეცხლზე შემზარავი შიში მიერეკებოდა გადარჩენისკენ. ამ საყოველთაო აურზაურში, დაბნეული ჩვილი მიწის მხურვალებით გახელებულ მდინარეში აღმოჩნდა, სადაც ქალთევზებმა, უზარმაზარი ლოდების ბასრი კიდეებისგან დასაცავად წყალმცენარეებში საგულდაგულოდ გაახვიეს, ხოლო რამდენიმე დღიანი უმიზნო ტივტივის შემდეგ თავი სრულიად უცხო გარემოში ამოჰყო.
როცა ტყეში შფოთი ჩაცხრა, ყველამ დაიწყო პატარას ძებნა. მძინარე ჯადოქრებმა სიზმრად ყველა ჯურღმული დაიარეს, ყოვლისმცოდნე ხეებმა ფესვები ტყის ყოველ კუნჭულში აფათურეს, მაგრამ კვალსაც კი ვერავინ მიაგნო. ვის მოუვიდოდა თავში, დაკარგული ღრუბლებს იქეთ, ყველაზე მაღალი კლდეების მწვერვალებზე მოეკითხა, სადაც ჭინკა არწივებმა თავისი ამაყი კლანჭებით სათუთად მიაბრძანეს. ზოგჯერ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება რაღაც ძალიან უმნიშვნელოს გამო მოხდეს, როგორც, მაგალითად, ამ შემთხვევაში, უკარება არწივების კეთილგანწყობის მიზეზი პატარას განსაკუთრებულად მოკაუჭებული ცხვირი აღმოჩნდა, რომელიც ასე გავდა მათ ნისკარტს.
ცამდე აწვერილი კლდეებიდან დაშვება ბალღისთვის წარმოუდგენლი იყო, ამიტომ, რაღაც პერიოდი, სანამ მოღონიერდებოდა, არწივებმა გამოზარდეს. ამასობაში თავიანთი საიდუმლოებები ასწავლეს, უხუცესების თორმეტი ბუმბული აჩუქეს და ბრძენი ხეების მერქნებიც მოუზიდეს. ჭინკამ ამ ყველაფრისგან გულდასმით შეაკოწიწა მუზარადი და საბოლოოდ, არწივების ცოდნის სრული გათავისების შემდეგ, თავსაბურავით შემკული, ღრუბლებში გადაეშვა. მცველის თავგადასავლის ამ მონაკვეთის მოყოლისას, ყველანი ხმას უდაბლებენ და მოწიწებით ბუტბუტებენ, თუ როგორ იქცა ის არწივად.
მოკრძალება სულ უფრო და უფრო იმატებს, ხმის ტონი იკლებს, ჭინკასა და ძლევამოსილი დათვების დამეგობრების ისტორია კი ყოველთვის ჩურჩულით ითქმის. შეჩუჩქული მსმენელები ხარბად ისრუტავენ დაუჯერებელ მონათხრობს დათვების ბელადზე, რომელსაც შთამომავალი არ ჰყავდა, ჭინკას გულმოდგინებით აღფრთოვანებულმა კი გადაწყვიტა, კვერთხი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მისთვის ეჩუქნა. ამ გულუხვი საჩუქრის წყალობით, არწივების მოძმემ დათვების სიბრძნეც გაითავისა, ცის მბძანებლების და მიწის ყველაზე ძლევამოსილი ცხოველების კეთილგანწყობამ კი ის ტყის მხეცების და ფრინველების გულმხურვალე მფარველად აქცია.
მისი მახვილი მზერა, ყნოსვა და სმენა გრძნობს საფრთხეში ჩავარდნილი ნებისმიერი ცხოველის ცახცახს. შიშის სუნი, რომელიც ღრმა ბავშვობიდან კარგად ახსოვს, არაფერში ეშლება, სწორედ ამ მჭახე, მძაფრი სუნის წყალობით მიაგნო მან მონადირეების სისასტიკის გამო დაობლებულ მელას, რომელიც მის დამატებით თვალად, ყურად და უერთგულეს მეგობრად იქცა.
No comments:
Post a Comment