Friday, October 17, 2014

შესავალი

ყეში ან ტყესთან მოსეირნეს, თავში ქვა თუ მოგხვდა, ფოთლების შრიალს ან წიწვების შხუილს კეკლუცად წარმოთქმული შენი სახელი შეერია ან მთის ნაკადულივით გრილი და სუფთა ხმით ღიღინი შემოგესმა; სოკოების ჯადოსნურ წრეებს თუ გადააწყდი და ხეებს შორის გაელვებული უცნაური არსებები დალანდე, ესე იგი ჭინკების ტყესთან ყოფილხარ ახლოს და ეს იმის დროა, ან კისრისტეხით მოკურცხლო, ან გამბედაობა მოიკრიბო და გზა გააგრძელო.

ადამიანებს, როგორც წესი, გვეშინია და გვძულს ის, რისი გაგებაც არ შეგვიძლია, მით უმეტეს, თუ ეს რაღაც ხეების უკან იმალება და ისე გაპამპულავებს, როგორც მოუნდება, მაგრამ თუ შიშს ცნობისმოყვარეობა აჯობებს და ერთი ტოტიდან მეორეზე გადამსხლტარ ბანჯგვლიან ჭინკებს ტყის სიღრმეში შეყვები, მიხვდები, აქაც იგივე მოთხოვნები და სურვილები აქვთ, რაც ტყის გარეთ, ქალაქებში და სოფლებში: თამაში, სიყვარული, ყურადღება. განსხვავება მხოლოდ მოთხოვნის ფორმებშია, ზოგჯერ კი არც.
მაშ ასე, ტყეში ან ტყესთან მოსეირნეს, თავში მოხვედრილ ქვას სხვა, უჩვეულო რაღაცებიც თუ მიყვა, შენ კი შეგეშინდა, გაბრაზდი ან ეს ყველაფერი ბოროტებად მონათლე, ალალი ყოფილა შენზე ჭინკას ცელქობა - არავის ეპატიება იმდენად გაზრდა, ბავშვობა რომ დაივიწყოს, ისევე, როგორც არავის ეპატიება ისე გაუცხოება, ტყის ჯადოსნურობა ბოროტებად მონათლოს, მისი ბინადრები კი მტრებად გაიხადოს.


No comments:

Post a Comment