Friday, October 17, 2014

ბლეყვი ჭინკები

              
ინც ჭინკების ტყეში არასდროს ყოფილა და მასზე მხოლოდ ბებია-ბაბუისგან იცის, ბუნებრივია, თუ ჰგონია, რომ ყველა ჭინკა ერთნაირია. სინამდვილეშიც ეგრე რომ იყოს, ტყე ხომ მოწყენილობისგან დახმებოდა, ყველა მასში მცხოვრები არსება კი მთქნარებით იქნებოდა თავმობეზრებული.ჭინკა იმდენნაირი ხასიათის არსებობს, რამდენნაირიც - კენჭი მდინარეში, ყველას სხვადასხვა საქმე, საზრუნავი და საყვარელი თავშესაქცევი აქვს, მაგრამ ერთი რამ, რაც ყველას აერთიანებს, თამაშის და ოინბაზობის განსაკუთრებული სიყვარულია.

ზოგიერთ მათგანში ეს სიყვარული იმდენად მძაფრია, ნაკადულების ქვებზე ხტუნაობის, გამოქვაბულების ლაბირინთებში დამალობანას თამაშის, ტყის ცხოველებზე ჯირითის და მერე, დაქანცულზე ხის ფესვების სიგრილეში გდების გარდა არაფერს აკეთებენ. ასეთ ჭინკებს ბლეყვებს ეძახიან და მიუხედავად მუდმივი გართობისა, სადმე თუ გადაგეყარნენ, დარწმუნებულები იყავით, განსაკუთრებულად სევდიანი თვალების გამო, არცერთ სხვა ჭინკაში არ აგერევათ. არავინ იცის, რატომ შეიძლება ტყის, თითქოს ყველაზე უდარდელ არსებებს მთელი თაობების განმავლობაში სევდა თვალებში ერთნაირად ღრმად ჰქონდეს ჩამჯდარი, მხოლოდ ზოგი მათი მეგობარი, ვინც შესწრებია, როგორ იკლაკნება ჭინკა ტკივილისგან, როცა ადამიანები რომელიმე ხეს ჭრიან, საღ ტოტს ტეხავენ ან თუნდაც, სიცოცხლის წვენით სავსე ფოთოლს წყვეტენ, მიმხვდარა, რომ ეს, ჭადრის ნაყოფის გულივით ფუმფულა და ჩიტირეკია არსება იმდენად მგრძნობიარეა, ტყის ყოველ დანაკარგს გრძნობს და განიცდის.


ბლეყვების პატარა მეგობრებს, რომლებსაც მაღალი ხეების ტოტებზე მოკალათება ან მოზრდილი სოკოების უკან მოხერხებულად დამალვა და თვალთვალი ჩვეულებრივ საქმედ გახდომიათ, ისიც უნახავთ, ადამიანების უტიფრობით განრისხებული ჭინკა როგორ მიძუნძულებულა ხის მჭრელებთან, თავისი ტორებით რომ დაეცვა ხე, რომლის ფესვებშიც წინა დღეებში გრილდებოდა.

ასეთი სიბრაზის მერე ყველას ცოტათი ეუხერხულებოდა ხოლმე მისთვის ბლეყვის დაძახება, მაგრამ ერთი, მდინარის სველ ქვებზე ხტუნაობა, ფეხის ასხლტომა, წყალში ზღართანი და ბალნის გორგალის სევდიან სახეზე ისევ ძველებური, კეთილი, ბლეყვური ღიმილი ბრუნდებოდა ხოლმე. 


No comments:

Post a Comment