Wednesday, October 22, 2014

ალირემას ამბავი


ყის ფუთფუთა სიჩუმეში უცნაური წკრიალი, ხრაშუნი და ფლოქვების დგაფუნი თუ გაკრთა, ესე იგი ხეებს იქეთ ალირემა თავისი კვერთხის მოსართავად ახალ ჯადოსნურ ქვებს და ბუმბულებს ეძებს, ძიება-ძიებაში შემთხვევით თქვენამდეც თუ მოჯირითდა, დაბნეულობის ან შიშს ნაცვლად, გაცილებით გონივრული იქნება, ჯიბეები მოიქექოთ და რამე, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ აუცილებლად ლამაზი ნივთი გაუწოდოთ - ეს პატარა საჩუქარი შეიძლება თქვენი მეგობრობის დასაწყისი გახდეს, ხოლო თუ გაანებივრებთ, ალირემას ძველ, საგულისხმო ისტორიაც მოისმენთ, მაგრამ მოდი, ნუ დაველოდებით თქვენს შეხვედრას და დამეგობრებას, რომელიც შეიძლება სულაც არ შედგეს.

ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, როცა ადამიანები ჯერ კიდევ არ ნადირობდნენ ტყის ცხოველებზე - იყო ასეთი დროც, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ამ ხანებში ირმებს ყველაზე დიდ პატივს სცემდნენ და ყოველ ახალმთვარეობაზე, უახლოესი სოფლებიდან ადამიანები ორნამენტებიანი სამაჯურებით, ულამაზესი კენჭებით, იშვიათი ხეების ხმელი ფოთლებით და სხვა, ათასი საჩუქრით ხელში ირაზმებოდნენ ყველაზე ხნიერი ირმის ბუნაგისკენ, სადაც რიგრიგობით ჰკიდებდნენ მხცოვანს რქაზე საკუთარ ძღვენს. სანაცვლოდ, ირემი ახალ მთვარეს ადამიანებისთვის სიკეთეს სთხოვდა. ყველა კმაყოფილი და მშვიდი იყო, სანამ ერთერთი სოფლის მცხოვრების გონებაში ბოროტი აზრები არ აიშალა.

ეს ადამიანი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც თავისი ერთადერთი სურვილი - ცოლად შეერთო სოფლის ყველაზე ლამაზი და მიუღწეველი ქალი - ხელმომჭირნეობის გამო ვერ აესრულებინა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სიყვარულმა და სასოწარკვეთამ იქამდე მიიყვანა, თავში აზრად მოუვიდა, ლამაზმანისთვის ირმის, ძვირფასეულობებით დახუნძლული რქა მიერთმია. იდეა გონებაში გაუჯდა და მალე აასრულა კიდეც, რითაც თვითონაც დიდი მოულოდნელობა დაიტეხა თავს და თავის სატრფოსაც, გულისმომგები საჩუქრის ნაცვლად, უცნაურობა შეამთხვია - ირმის რქით აღფრთოვანებული ქალი, რომელმაც საჩუქრის მიღებისთანავე ტყის მშვენიერებით თავი შეიმკო, ფეხებბანჯგვლიან, ირმისრქიან ალად იქცა, კაცი კი ყვავად.

მას შემდეგ ხეებს ათასჯერ დასცვივდათ ფოთლები, ათასმა წყალმა ჩაიარა და ათასი კენჭი დაქუცმაცდა ქვიშად, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება, ალირემას პატარ-პატარა საუცხოო ნივთები ისევ უჩქროლებს გულს, მისი მუდმივი თანმდევი ყვავი კი ძველებურად ცდილობს, ქალბატონი გაახაროს - თავისი მოუხელთებელი ფრთების დგაფუნით ათას ჯურღმულში დაძრწის და უჩვეულო ნივთებს ეძებს.
არამგონია, რომელიმე ბედს უჩიოდეს, ალბათ უფრო პირიქით. მცირეხნიანი შეგუების და გაოგნებისგან გამორკვევის შემდეგ, ორივე მიხვდა, ბებერი ირემი არც ისე მკაცრი აღმოჩნდა - ჩვეულებრივი, მოსაწყენი, ადამიანური ცხოვრების ნაცვლად ისინი ტყის შვილებად იქცნენ, ყოველთვის ერთად არიან და აღმოჩენებით სავსე, ველური ცხოვრებით ცხოვრობენ. ლმობიერების მიზეზი ალბათ ის ძლიერი სიყვარული იყო, რომლის გამოც კაცმა ირემი გაიმეტა. ტყის ბრძენებმა კარგად იციან, ადამიანური სიყვარული მხოლოდ კეთილშობილების წყარო არაა, ხანდახან მისგან შეიძლება დიდი ბოროტებაც იშვას, ალირემად და ყვავად გადაქცევა კი გაკვეთილი იყო, რომლითაც ადამიანები ისწავლიან, ტყეს როგორი სიყვარული შეუძლია.

No comments:

Post a Comment