ყველა ჭინკა გამოქვაბულებში, ფუღუროებში, ლოდებს ქვეშ ან სოროებში რომ ცხოვრობდეს, ტყეში ერთი თავისუფალი კუნჭული არ დარჩებოდა, სადაც სიწყნარის მოყვარული ჯადოქრები სიზმრებში მოგზაურობას შეძლებდნენ. ამიტომ, ათასი ფოთლის, ნაკადულის, ბილიკის და ხევის ლაბირინთს შორის ჩაფლულია სოკოების სოფელი.
ჭრელი, კოხტად შეკერილი ფარდების იქედან ყოველთვის ბჟუტავს სანთლისა და ბუხრის ცეცხლის მყუდრო შუქი; საღამოობით, საგულდაგულოდ მიშენებულ წინკარში ჩამოკონწიალებული პატრუქების ირგვლივ ჭრელი პეპლები თავაწყვეტილი მხიარულებით ცეკვავენ, პაწაწინა კარებში ჩაშენებული სარკმლებიდან კი ხილის ღვეზელების, ჰაეროვანი ფუნთუშების და მადისაღმძვრელი სუპების ისეთი სურნელება ჟონავს, გარშემო ხეები ლამის წელში მოიხარნონ და სამზარეულოს ფანჯრებში ტოტები შეაცურონ.
ხეებისგან განსხვავებით, მსუნაგი ჭინკები ცდუნებას ვერ უძლებენ და ხანდახან, რომელიმე სარკმელში შეცურებული მოუსვენარი თითები ორცხობილის ნაცვლად ჭინჭრის მზაკვარ ღეროებს აწყდებიან, გააჩნია, მზარეული როგორ ხასიათზეა. მაგრამ, ასეა თუ ისე, სოფელი თითქმის ყოველთვის მხიარულების, ოინბაზობის და ცელქობის კაშკაშა ფერებითაა დაფერილი, რაც სახლების სახურავების ისედაც მკვეთრ ტონებთან ერთად თავბრუდამხვევ სიჭრელედ იკვრება.
სოკოების გარდა, ზოგი სახლი მდინარის კენჭებისგანაცაა აშენებული და ამ მაღალ, მყარ კოშკებში ალქიმიკოსები, ჯადოქრები და ყველა იმ ჯურის დინჯი ცხოვრობს, ვისაც ფანჯრებში შეყოფილი ჭინკების ცქვიტი ხელები სიმშვიდეს უფრთხობს. შედარებით მაღლა ჩაშენებული ფანჯრები ვერცერთი მკვირცხლისთვის დაბრკოლება ვერ იქნება, მაგრამ ჭინჭრისგან განსხვავებით, ამ ფანჯრებში ცელქობის გამო სასჯელი გაცილებით მკაცრია, ამიტომ მდინარის კენჭებისგან შეკოწიწებული სიწყნარის თავშესაფარი მათი წიოკისგან თავისუფალია.
სამაგიეროდ, საღამოობით, როცა მთვარე სოფლის კოხტა ბილიკებს რძისფრად აფერადებს, ჭრიჭინები კი სიმყუდროვის ბალადებს მღერიან, ჯადოქრები და ალქიმიკოსები მთავარ კოცონთან ისეთ თავბრუდამხვევ სანახაობებს აწყობენ, სოფელში სტუმრები ტყის შორეული კუნჭულებიდანაც კი მოდიან და ირგვლივ ზუსტად ისეთი კაკაფონია და ჟრიამულია, როგორიც ჭინკების სოფელს შეეფერება.
No comments:
Post a Comment