თუ ვინმეს მეგობრობის და ურთიერთზრუნვის სწავლა ჭირდება, საუკეთესო გაკვეთილს ტყის იმ ნაწილში წააწყდება, სადაც ზარმაცი ჭინკები და ზანტი ხეები ცხოვრობენ.
ფოთლებით და ხავსით დარბილებულ მიწაზე კოტრიალი მთელი დღეების განმავლობაში, ხშირ ტოტებში გამოპარული მზის სხივების სითბოზე ნებივრობა, ძილი და სიზმრადაც ერთ ადგილას ჯდომა - აი, ზარმაცი ჭინკების თითქმის მთელი ცხოვრება, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს მოსაწყენია, მაგრამ ამ ტყეში დახავსებამდე უძრაობაც შეიძლება საინტერესო იყოს, მით უმეტეს, თუ მეგობრებად მოძრავი ხეები და ლამაზი ქუდების მოყვარული სოკოები გყავს.
რომ არა ეს გულთბილი და მზრუნველი ხეები, ზარმაცი ჭინკები კარგა ხნის წინ გადაიქცეოდნენ ხავსმოდებულ ფიგურებად, რომლებზეც მცოცავი სუროები სიამოვნებით მოკალათდებოდნენ, მაგრამ მეგობარი ხეების წყალობით, უძრაობის კვალი მხოლოდ ჭინკების ტერფებს ეტყობა. ისინი, ტყეში მცხოვრებლის კვალობაზე, უჩვეულოდ რბილი და სათუთია.
მეგობრებს შორის სიყვარული იმდენად ძლიერია, ხეები ფესვების გადგმის და მიწის წვენით ტკბობის ნაცვლად მოძრაობას იწყებენ და ზანტად, მაგრამ მაინც მიგოგმანებენ ფოთლებში ჩაფლულ მცონარებთან, ტოტებით ფრთხილად აჰყავთ, უძრაობის მტვერს ფერთხავენ, ასეირნებენ და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხემ კარგად იცის, ამდენი პრანჭია მეგობარი სოკოს გადამკიდე, გასეირნება დიდი ხანი გაგრძელდება, თავის მოუხელთებელ ტოტებს არ ზოგავენ რბილტერფას გასამხიარულებლად.
ზარმაცი ჭინკები ძალიან კარგად ხატვენ, განსაკუთრებით სოკოების ქუდებზე. აი, რატომაა ტყის ამ ნაწილში ამდენი ლამაზქუდიანი სოკო ერთბაშად. როცა სეირნობის დრო დგება, ზანტი ხეები წინასწარ ამზადებენ საღებავებს ტყის კენკრისგან, საკუთარი მერქნისგან, სხვა, ათასი რამისგან და მეზობელ სოკოებს დაუვლიან ხოლმე ზარმაცი ჭინკით ხელში. ასეთი გასეირნებების მერე ტყე ყოველთვის გაცილებით ჭრელი და ლამაზი ხდება, დღე - მოძრაობით სავსე და საინტერესო, ღამე კი ხის ფუღუროში, ბუზღუნა ბუსთან ერთად - მშვიდი და თბილი.
No comments:
Post a Comment