ჭინკების ტყიდან მობერილი ქარები მოწიწებით ჩურჩულებენ ტყის სიღრმეებზე: ათასი მაცდური ქალთევზას მდინარის, ძლევამოსილი დევების უამრავი მთის და მზაკვარი ალების ხევებს იქეთ ცხოვრობენ ყველაზე ძველი და მრავლისმცოდნე ხეები, რომლებიც, თუმცა კი მოძრაობა შეუძლიათ, ადგილიდან არ იძვრიან.
ამბობენ, თითქოს მათი წინაპარი დიდი მოხეტიალე იფანი იყო, რომლის დაუცხრომელმა ცნობისმოყვარეობამ მის ფესვებს მისცა ძალა, სიღრმეებიდან ამოზრდილიყვნენ და მიწის წვენის წრუპვის ნაცვლად უამრავი, თავგადასავლით სავსე ადგილი მოეარათ.
მრავლისმნახველ მუხებს თუ დავუჯერებთ, იმ დღეს მთელი ტყე ისე ღელავდა, როგორც არასდროს: იფანის უზარმაზარი ფესვების ჭრიალი მიზანდასახულობაზე მღეროდა, მიწის ბელტების წვიმა - ნების სიმტკიცეზე, ფოთლების შრიალი - ოცნებაზე, ხოლო ეს ყველაფერი გრანდიოზულ ქოროდ ერთიანდებოდა ძალაზე, რომელიც ყველა ირგვლივმყოფს გულს უფორიაქებდა. მაგრამ ცნობისმოყვარე ხის ისტორია სევდიანად დასრულდა. არავინ იცის, სად განერთხო მისი ფესვები უკანასკნელად და ამბობენ, თითქოს იფანის უზარმაზარ ფუღუროში ცოდნის ულამაზესი ყვავილი ხარობს, რომლის დაყნოსვაც კი საკმარისია ხის სიბრძნის გასათავისებლად.
შთამომავლებს წინაპრისგან შერჩათ ცნობისმოყვარეობა, როგორც დაუცხრომელი ვნება, მაგრამ მის დასაკმაყოფილებლად უკვე არავინ სწირავს თავს. იფანის ტრაგიკული აღსასრული ხეებისთვის გაკვეთილად იქცა, რომლისგანაც გამოსავალი გამოწვლილვეს: ფესვებს დგამენ იქ, სადაც ირგვლივ ბევრი საინტერესო რამ ხდება და იქამდე არ იძვრიან, სანამ გარემო უინტერესო არ გახდება; ყურებთან ახლოს უკონწიალებთ რობინიას ვარდისფერი, მძიმე მტევნები, რომლის ტკბილი ნექტარით ჭორიკანა მწერები მხოლოდ იმ შემთხვევაში ნებივრობენ, თუ ხეს საინტერესო ამბებს მოუყვებიან; კენწეროზე და ფესვებთან ამოსდით სოკოები განსაკუთრებულად მგრძნობიარე ქუდებით, რომლითაც ცნობისმოყვარეები მცირე გაფაჩუნებასაც კი გრძნობენ, ტანზე კი მცოცავი მცენარეები ეხვევათ, რომელთა ტოტების ქსელიც ძალიან შორს არის მიმოხლართული. მათი საშუალებით ხეებს დიდი მანძილის მოშორებითაც კი შეუძლიათ იმას შეეხონ, რაც დააინტერესებთ.
ტყის საინტერესო, ჯადოსნური და მოულოდნელობებით სავსე ისტორიები მერქანზე სპირალებად ისახება, ამიტომ, ბუნებრივია, თუ ცქვიტი და ჭორიკანა ჭინკები მით უფრო ეტანებიან ხეს, რაც უფრო დახუნძლულია ის ორნამენტებით. მეგობრობის წინააღმდეგი არცერთი არაა, ერთი თავის ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებს, მეორე საყვარელი საქმით, ცელქობით და ჭორიკნობით იქცევს თავს. ხანდახან, რაღაც ამბის მოყოლისას, ყველაფერი უფრო თვალნათელი რომ იყოს, ჭინკები ხეების ირგვლივ პატარ-პატარა სპექტაკლებს დგამენ. ასე ისტორია უფრო სახალისო ხდება, ხოლო ბოლოს, როცა პატარა ოინბაზები მიმბაძველობით იქანცებიან, ფესვებში მოკალათდებიან, ხის უხეში, მაგრამ სიყვარულით დალბობილი ტოტების ალერსზე ინაბებიან და გულდასმით ისმენენ დიდი იფანის საგულისხმო ისტორიას.
No comments:
Post a Comment