Monday, November 24, 2014

მიწის სიზმართუხუცესი

ოტა თუა ისეთი, ლამაზი ყვავილები არ უყვარდეს, ან თუ "სიყვარული" ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია, მაშინ, უბრალოდ, იშვიათად, ვინმეს მხედველობისთვის სულ ერთი იყოს გვირგვინის ფურცლებზე ფერთა საამური გრადაცია, ყნოსვისთვის კი ყვავილის გულში აფეთქებული კეთილსურნელება. 
ჭინკების ტყეში ყვავილებთან დამოკიდებულების აღსაწერად "სიყვარული" ზედმეტად ხმადაბალი ნათქვამი იქნებოდა, ხოლო იმ განსაკუთრებული განცდისთვის შესაფერისი სიტყვის მოსაძებნად, დიდზე დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგვიწევდა, რადგან არაა ადვილი მოწიწების, დაუოკებელი ვნების, მიზიდულობის, სიყვარულის და სინაზის ერთი სიტყვით გამოთქმა. სწორედ ამ გამოუთქმელობამდე განსაკუთრებული განცდის გამო დიდი ხნის წინ ტყეში დატრიალდა ერთი სევდიანი ამბავი, რომელსაც ზამთრის გრძელი და სუსხიანი საღამოების ჟამს, ყვავილებს მონატრებული ჭინკები ყვებიან, კოცონის ქარვისფერი შუქით შეფერილი, დაღვრემილი სახეებით.

უცხოვრია ერთხელ ჭინკას, ძლიერს, მამაცს, ქორების და მელიების მეგობარს, ტყის გულმხურვალე მცველს, დიდხელას და თვალდინჯას. იშვიათად თუ აჰყოლია სხვა ჭინკებს მატრაკვეცობებში და როცა სხვები დროს ხიდან ხეზე ხტუნაობაში ხარჯავდნენ, ის ყურს უგდებდა, მონადირეები ხომ არ უტიფრობდნენ სადმე. ერთხელაც, მთებს შორის ჩაკარგული ნაკადულის პირას მოსეირნეს, ისეთი სურნელი უგრძვნია, თვალთ დაბნელებია და სურნელს გაყოლილი, წარმოუდგენლად ლამაზი ალი უნახავს: მის კანს, გაზაფხულის ფოთლებივით, სიახლის ელვარება დაჰკრავდა, სახე ფესვებში მოლიცლიცე წყაროსავით უკამკამებდა, ხოლო თმაზე ისეთი კეთილსურნელება ასდიოდა, თითქოს ყველა სურნელოვანი ყვავილი საგულდაგულოდ დაუსრესია და შეუზელიაო.


 რას შეეძლო ჭინკასთვის ხელი შეეშალა თავდავიწყებით შეყვარებაში? არც არაფერს, ერთი ეგაა, თავიდან მოწიწებით უფრო იყო შეპყრობილი და ამიტომ, მხოლოდ შორიდან თვალთვალს ბედავდა. თანდათან შეგულიანდა და უამრავი საჩუქრის შემდეგ, მიჯნურის წინაშე წარდგენაც შეძლო. საუბედუროდ, ალი ჭინკას გამოჩენას ისეთივე ლმობიერი, მაგრამ გულგრილი ღიმილით შეხვდა, როგორც მის ყველა ძღვენს.
სხვა რა შეეძლო დაღვრემილ ჭინკას, დადიოდა და ფიქრობდა, რითი მოელბო ლამაზის გული. ერთ-ერთი ასეთი ყიალისას, ნაცნობი კეთილსურნელება იგრძნო და ამჯერად წარმოუდგენლად ლამაზ ყვავილს მიადგა, რომელიც უყოყმანოდ მოწყვიტა და იმაში დარწმუნებული, ალისთვის ღირსეული საჩუქარი ვიპოვეო, თავქუდმოგლეჯილმა მოკურცხლა, მაგრამ ნაკადულის ვერცერთ ლოდზე სატრფო ვერ იპოვა. უშედეგო ლოდინის შემდეგ, ნაღველით მოწამლულმა, გადაწყვიტა, იქვე შერეოდა მიწას, თვალები დახუჭა და გულთან ყვავილჩაბღუჯულმა, ღრმად მიიძნა.

გადიოდა დრო, მორაკრაკებდნენ ნაკადულები, დაფუთფუთებდნენ ქვიშები და ყვავილმა, გახმობის ნაცვლად, ჭინკას გულზე გაიხარა. რაც უფრო იხლართებოდნენ ფესვები, მით უფრო მეტი სიზმარი ესიზმრებოდა მძინარეს, ბოლო ზმანებაში კი მონატრებულ სატრფოს მოუყოლია, თითქოს არსებობენ დღეები, როცა მიწა ხედავს სიზმრებს, რომლებშიც იმდენი ძველი სიბრძნე და სილამაზეა, მათი გაზიარება უზომო ბედნიერება ყოფილა. ერთ-ერთ ასეთ სიზმართმოზიარედ ყოფნის პატივი ალსაც ერგო თურმე, რომელიც ამ განსაკუთრებული ღამეების დროს ყვავილად იქცეოდა და მთვლემარე მიწის სიბრძნით გაკეთილშობილებული, გარემოს კეთილსურნელებით ანებივრებდა.
სიმართლით შეშფოთებული ჭინკა ძილიდან გამორკვეულა, დროის ხავსი დაუფერთხია და გულში ფესვგადგმული მცენარით გაუგრძელებია ცხოვრება.
ამბობენ, თითქოს მისი თმა მწვანე, წვნიან ღეროებად იქცა; თავი და ცალი მხარე ჭრელი ყვავილების თაიგულით დაუმშვენდა, ტანსაცმელს სველი მიწის და ბალახების სუნი ასდის, კვერთხზე კი, რომელსაც სულ თან ატარებს, ტყის ყველაზე სურნელოვანი ყვავილი ხარობს. სევდით დალბობილი და სიბრძნით აელვარებულია მისი დიდი თვალები, რომლებიც სხვა ნირისანი ვერაფერით იქნებიან: განა ადვილია იმასთან შეგუება, საკუთარ საყვარელს საჩუქრად შემთხვევით მისივე აღსასრული უბოძო?! თუმცა, ამ "ძღვენის" წყალობით, ჭინკა თავად იქცა მიწის სიზმართუხუცესად და დიდი ძილის დროს ნანახ სიბრძნესთან ერთად ისიც ღრმად გაითავისა, რომ ყველა ყვავილი მიწის მესაიდუმლეა, ამიტომ მათი დაკრეფის ნაცვლად, ზოგს თუ დავუჯერებთ, დღემდე დადის ნერგებით სავსე კალათით ხელში და ტყის დინჯ სიმწვანეს ფერადი ყვავილებით ახალისებს.


Wednesday, November 5, 2014

ჭრელფრთიანი ჯადოქარი

იდი, კეთილი თვალები, ბავშვური ეშმაკობის ნაპერწკლით; ტყის ბალახების ნაყენით შეღებილი ფირუზისფერი თმა, მიწის წვენის და სიბერის კეთილშობილი სუნით; გრძელი მოსასხამი, ორნამენტებით სახელოებზე; მოზრდილი კვერთხი, შუაში მბჟუტავი, მრგვალი ქვით; კვერთხზე შემოხვეულ, დევების სისხლით შეღებილ ნაჭრებთან ერთად, ფერადი ბუმბულების ოდნავ გასაგონი შრიალი და ხმელი, მაგრამ მოუსვენარი ტუჩების ცმაცუნით ნათქვამი უცნაური სიტყვების კორიანტელი - აი, რა ახარებს ჭინკების უმრავლესობას ადამიანების შეშინებაზე მეტად.


სტუმრის გამოჩენისთანავე ტყეში დიდი კაკაფონია იწყება: ხიდან ფოთლები თამამად ცვივა, მოხუცის თმაზე ნაზად რომ ჩამოსრიალდნენ - მერე ხომ კეთილი შელოცვის წყალობით ისევ ტოტებს უბრუნდებიან; სოკოები წრეებს კრავენ და ციბრუტივით ტრიალებენ, ბებერი ჯადოქრის ნატერფალზე აყრილი მტვერით ქუდები ლამაზად რომ დაიწინწკლონ; ყველა ხვიარა მცენარე, ნაჭრის კეთილსურნელების შესასრუტად, მოსასხამს ეპოტინება, შემდეგ, არომატული ყვავილებით რომ იყვავილონ; ჭინკები კი თავქუდმოგლეჯილები დარბიან, ერთი ოხუნჯობის სანაცვლოდ, მთელი წლის ნაგროვები ავლადიდებიდან რამე, ყველაზე ჯადოქრული რომ შესთავაზონ ძველ მეგობარს.



მათ, ვისაც კარგად ახსოვს, რა ახარებს მოხუცს ყველაზე მეტად, განსაკუთრებული საჩუქრით ჯილდოვდება. სწორედ ამის გამო, ზოგი ჭინკა მთელ დღეებს ციცაბო კლდეებზე და ბებერ, უზარმაზარ ხეებზე იშვიათი ფრინველების ბუდეების ქექვაში ატარებს. იქ, თუ გაუმართლათ, რამდენიმე ბუმბულს იპოვიან, ხოლო თუ მოპოვებული განძი კეთილი ჯადოქრის გამოჩენამდე არ დაკარგეს, სანაცვლოდ იმას იღებენ, რაზეც ყოველთვის ოცნებობდნენ: ზოგი მფრინავ ციყვად გადაქცევის საიდუმლოს სწავლობს, ზოგი იგებს, ტყის ყველაზე ლამაზი ყვავილები სად ხარობს, ზოგი კი, მიწის ღმუილის სმენით, ტყის მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭს იძენს.

როცა ყველა კმაყოფილი და კაკაფონიით მოქანცულია, ჯადოქრის კვერთხზე მიმაგრებული ახალ-ახალი ბუმბულების შრიალი თანდათან ნელდება და ბოლოს, წყდება. არავინ უწყის, სად მიდის მათი მეგობარი და არც ის წარმოუდგენია ვინმეს, საიდან მოდის, ტყის მცხოვრებლებმა ამის შესახებ მხოლოდ ძველთაძველი თქმულება იციან, თითქოს ჯადოქარი სინამდვილეში უზარმაზარი ფრინველია ჭრელი ფრთებით, რომელთა მოქნევაზეც ხეები ჭრიალებენ, საგულდაგულოდ დავარცხნილი ალების თმა კი აბლაბუდად იქცევა. ამბობენ, რომ მის გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ტყეს ყოველთვის აშრიალებს ქარი მისი მოსასხამის სურნელით, ხოლო გაუჩინარების შემდეგ, მისი, კვერთხზე ასხმული ქვების წკრიალი არემარეს ხის კენწეროებიდან ეფინება და ძილისპირულივით ტკბილად ზავდება ჰაერის სიგრილეში.

Thursday, October 30, 2014

ბრძენი და მცველი

ოკოების სოფელში ყველა სახლი განსხვავებული და მეპატრონეზე იდეალურად მორგებულია, ასე რომ, სამოსახლოსთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, მასში მცხოვრებლის ზნე-ჩვეულებების ამოსაცნობად. მაგალითად, თიხის ოსტატის ეზო მუდმივად მიწის მოყვითალო-მოყავისფრო, რბილი ბელტებითაა მოთხვრილი; მკერავის ბაღში, ხეებზე ჩამოკონწიალებული, სხვადასხვა ფერის ნაჭრების ფონზე, აბრეშუმის პეპლები დაფრინავენ; მზარეულის სახლს შორიდანაც ადვილად იყნოსავთ, მაგრამ აი, სხვა სახლებისგან მოშორებით მდგარი დაბრეცილი ქოხი მოკლებულია რამენაირ, განსაკუთრებულ მახასიათებელს, თუმცა კი მასში მობინადრე ძალიანაც უჩვეულო ჭინკა ბრძანდება:


მასზე ყვებიან, თითქოს ყველაზე უკეთ იცნობს სოკოების იდუმალ სამეფოს, მისი სახლის კედლებს იქეთ კი უცნაური ინსტრუმენტები და გაურკვეველი წარწერებით აჭრელებული ქაღალდების ისეთი ზედახორა დგას, გზის გაკვლევა ჭიანჭველებსაც კი უჭირთ. მეზობლების ისტორიები ქოხის ბინადარზე ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნიან, თითქოს საქმე ერთ უჟმურ, მარტოსულ ბრძენთან გვქონდეს, მაგრამ სინამდვილეში, სეირნობიდან დაბრუნებულს თვალს თუ ყურადღებით შევავლებთ, ხელში პატარა, წითური ჭინკა შეგვრჩება სხარტი თვალებით, ოდნავ ეშმაკურად აზნექილი ტუჩის კიდით და მხარზე გადაკიდებული მოზრდილი სოკოთი, რომლისგანაც თითქოს ჯადოქრებისთვის ელექსირებს, ალებისთვის - შხამებს, დევებისთვის კი შიმშილის დასაცხრომ ნაყენებს ამზადებს. არავინ იცის, რამდენად ახლოა სიმართლესთან მეზობლების ვარაუდები, მაგრამ კეთილშობილი ყვავილებით დამშვენებული დარაბების მიღმა არაფერი სოფლისთვის საშიში რომ არ ხდება, ეს ყველასთვის აშკარაა, მით უმეტეს, ყველა სოკო, რომელშიც მეზობლები ცხოვრობენ, ოდესღაც მისი რჩევა-დარიგებების მიხედვით შეირჩა. მასზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს, ამ, მის მსგავსად, საიდუმლოებებით დანისლული მცენარეებიდან რომელი ვარგა საცხოვრებლად და რომელი - არა.

სამაგიეროდ, ყველამ იცის სოფლის მეორე განსაკუთრებული მცხოვრებლის, ტყის მხეცების მეგობრისა და მათი მცველის ისტორია. მისი, ბოძებზე შემართული ხუხულა, რომელიც სოფლის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს, ყველას უსაფრთხოების და სიმშვიდის სასიამოვნო განცდას უღვივებს.


მასზე ყვებიან, თითქოს, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა და დაუცველი იყო, ტყეში მოულოდნელი ხანძარი გაჩნდა. ირგვლივ ყველას გაშმაგებული, ბრმა ცეცხლის ალი და ცეცხლზე შემზარავი შიში მიერეკებოდა გადარჩენისკენ. ამ საყოველთაო აურზაურში, დაბნეული ჩვილი მიწის მხურვალებით გახელებულ მდინარეში აღმოჩნდა, სადაც ქალთევზებმა, უზარმაზარი ლოდების ბასრი კიდეებისგან დასაცავად წყალმცენარეებში საგულდაგულოდ გაახვიეს, ხოლო რამდენიმე დღიანი უმიზნო ტივტივის შემდეგ თავი სრულიად უცხო გარემოში ამოჰყო.

როცა ტყეში შფოთი ჩაცხრა, ყველამ დაიწყო პატარას ძებნა. მძინარე ჯადოქრებმა სიზმრად ყველა ჯურღმული დაიარეს, ყოვლისმცოდნე ხეებმა ფესვები ტყის ყოველ კუნჭულში აფათურეს, მაგრამ კვალსაც კი ვერავინ მიაგნო. ვის მოუვიდოდა თავში, დაკარგული ღრუბლებს იქეთ, ყველაზე მაღალი კლდეების მწვერვალებზე მოეკითხა, სადაც ჭინკა არწივებმა თავისი ამაყი კლანჭებით სათუთად მიაბრძანეს. ზოგჯერ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება რაღაც ძალიან უმნიშვნელოს გამო მოხდეს, როგორც, მაგალითად, ამ შემთხვევაში, უკარება არწივების კეთილგანწყობის მიზეზი პატარას განსაკუთრებულად მოკაუჭებული ცხვირი აღმოჩნდა, რომელიც ასე გავდა მათ ნისკარტს.

ცამდე აწვერილი კლდეებიდან დაშვება ბალღისთვის წარმოუდგენლი იყო, ამიტომ, რაღაც პერიოდი, სანამ მოღონიერდებოდა, არწივებმა გამოზარდეს. ამასობაში თავიანთი საიდუმლოებები ასწავლეს, უხუცესების თორმეტი ბუმბული აჩუქეს და ბრძენი ხეების მერქნებიც მოუზიდეს. ჭინკამ ამ ყველაფრისგან გულდასმით შეაკოწიწა მუზარადი და საბოლოოდ, არწივების ცოდნის სრული გათავისების შემდეგ, თავსაბურავით შემკული, ღრუბლებში გადაეშვა. მცველის თავგადასავლის ამ მონაკვეთის მოყოლისას, ყველანი ხმას უდაბლებენ და მოწიწებით ბუტბუტებენ, თუ როგორ იქცა ის არწივად.

მოკრძალება სულ უფრო და უფრო იმატებს, ხმის ტონი იკლებს, ჭინკასა და ძლევამოსილი დათვების დამეგობრების ისტორია კი ყოველთვის ჩურჩულით ითქმის. შეჩუჩქული მსმენელები ხარბად ისრუტავენ დაუჯერებელ მონათხრობს დათვების ბელადზე, რომელსაც შთამომავალი არ ჰყავდა, ჭინკას გულმოდგინებით აღფრთოვანებულმა კი გადაწყვიტა, კვერთხი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მისთვის ეჩუქნა. ამ გულუხვი საჩუქრის წყალობით, არწივების მოძმემ დათვების სიბრძნეც გაითავისა, ცის მბძანებლების და მიწის ყველაზე ძლევამოსილი ცხოველების კეთილგანწყობამ კი ის ტყის მხეცების და ფრინველების გულმხურვალე მფარველად აქცია.

მისი მახვილი მზერა, ყნოსვა და სმენა გრძნობს საფრთხეში ჩავარდნილი ნებისმიერი ცხოველის ცახცახს. შიშის სუნი, რომელიც ღრმა ბავშვობიდან კარგად ახსოვს, არაფერში ეშლება, სწორედ ამ მჭახე, მძაფრი სუნის წყალობით მიაგნო მან მონადირეების სისასტიკის გამო დაობლებულ მელას, რომელიც მის დამატებით თვალად, ყურად და უერთგულეს მეგობრად იქცა.

Wednesday, October 29, 2014

სოკოების სოფელი

ველა ჭინკა გამოქვაბულებში, ფუღუროებში, ლოდებს ქვეშ ან სოროებში რომ ცხოვრობდეს, ტყეში ერთი თავისუფალი კუნჭული არ დარჩებოდა, სადაც სიწყნარის მოყვარული ჯადოქრები სიზმრებში მოგზაურობას შეძლებდნენ. ამიტომ, ათასი ფოთლის, ნაკადულის, ბილიკის და ხევის ლაბირინთს შორის ჩაფლულია სოკოების სოფელი.


ჭრელი, კოხტად შეკერილი ფარდების იქედან ყოველთვის ბჟუტავს სანთლისა და ბუხრის ცეცხლის მყუდრო შუქი; საღამოობით, საგულდაგულოდ მიშენებულ წინკარში ჩამოკონწიალებული პატრუქების ირგვლივ ჭრელი პეპლები თავაწყვეტილი მხიარულებით ცეკვავენ, პაწაწინა კარებში ჩაშენებული სარკმლებიდან კი ხილის ღვეზელების, ჰაეროვანი ფუნთუშების და მადისაღმძვრელი სუპების ისეთი სურნელება ჟონავს, გარშემო ხეები ლამის წელში მოიხარნონ და სამზარეულოს ფანჯრებში ტოტები შეაცურონ.

ხეებისგან განსხვავებით, მსუნაგი ჭინკები ცდუნებას ვერ უძლებენ და ხანდახან, რომელიმე სარკმელში შეცურებული მოუსვენარი თითები ორცხობილის ნაცვლად ჭინჭრის მზაკვარ ღეროებს აწყდებიან, გააჩნია, მზარეული როგორ ხასიათზეა. მაგრამ, ასეა თუ ისე, სოფელი თითქმის ყოველთვის მხიარულების, ოინბაზობის და ცელქობის კაშკაშა ფერებითაა დაფერილი, რაც სახლების სახურავების ისედაც მკვეთრ ტონებთან ერთად თავბრუდამხვევ სიჭრელედ იკვრება.

სოკოების გარდა, ზოგი სახლი მდინარის კენჭებისგანაცაა აშენებული და ამ მაღალ, მყარ კოშკებში ალქიმიკოსები, ჯადოქრები და ყველა იმ ჯურის დინჯი ცხოვრობს, ვისაც ფანჯრებში შეყოფილი ჭინკების ცქვიტი ხელები სიმშვიდეს უფრთხობს. შედარებით მაღლა ჩაშენებული ფანჯრები ვერცერთი მკვირცხლისთვის დაბრკოლება ვერ იქნება, მაგრამ ჭინჭრისგან განსხვავებით, ამ ფანჯრებში ცელქობის გამო სასჯელი გაცილებით მკაცრია, ამიტომ მდინარის კენჭებისგან შეკოწიწებული სიწყნარის თავშესაფარი მათი წიოკისგან თავისუფალია.

სამაგიეროდ, საღამოობით, როცა მთვარე სოფლის კოხტა ბილიკებს რძისფრად აფერადებს, ჭრიჭინები კი სიმყუდროვის ბალადებს მღერიან, ჯადოქრები და ალქიმიკოსები მთავარ კოცონთან ისეთ თავბრუდამხვევ სანახაობებს აწყობენ, სოფელში სტუმრები ტყის შორეული კუნჭულებიდანაც კი მოდიან და ირგვლივ ზუსტად ისეთი კაკაფონია და ჟრიამულია, როგორიც ჭინკების სოფელს შეეფერება.

იფანის შთამომავლობა



ინკების ტყიდან მობერილი ქარები მოწიწებით ჩურჩულებენ ტყის სიღრმეებზე: ათასი მაცდური ქალთევზას მდინარის, ძლევამოსილი დევების უამრავი მთის და მზაკვარი ალების ხევებს იქეთ ცხოვრობენ ყველაზე ძველი და მრავლისმცოდნე ხეები, რომლებიც, თუმცა კი მოძრაობა შეუძლიათ, ადგილიდან არ იძვრიან.

ამბობენ, თითქოს მათი წინაპარი დიდი მოხეტიალე იფანი იყო, რომლის დაუცხრომელმა ცნობისმოყვარეობამ მის ფესვებს მისცა ძალა, სიღრმეებიდან ამოზრდილიყვნენ და მიწის წვენის წრუპვის ნაცვლად უამრავი, თავგადასავლით სავსე ადგილი მოეარათ. 
მრავლისმნახველ მუხებს თუ დავუჯერებთ, იმ დღეს მთელი ტყე ისე ღელავდა, როგორც არასდროს: იფანის უზარმაზარი ფესვების ჭრიალი მიზანდასახულობაზე მღეროდა, მიწის ბელტების წვიმა - ნების სიმტკიცეზე, ფოთლების შრიალი - ოცნებაზე, ხოლო ეს ყველაფერი გრანდიოზულ ქოროდ ერთიანდებოდა ძალაზე, რომელიც ყველა ირგვლივმყოფს გულს უფორიაქებდა. მაგრამ ცნობისმოყვარე ხის ისტორია სევდიანად დასრულდა. არავინ იცის, სად განერთხო მისი ფესვები უკანასკნელად და ამბობენ, თითქოს იფანის უზარმაზარ ფუღუროში ცოდნის ულამაზესი ყვავილი ხარობს, რომლის დაყნოსვაც კი საკმარისია ხის სიბრძნის გასათავისებლად.

შთამომავლებს წინაპრისგან შერჩათ ცნობისმოყვარეობა, როგორც დაუცხრომელი ვნება, მაგრამ მის დასაკმაყოფილებლად უკვე არავინ სწირავს თავს. იფანის ტრაგიკული აღსასრული ხეებისთვის გაკვეთილად იქცა, რომლისგანაც გამოსავალი გამოწვლილვეს: ფესვებს დგამენ იქ, სადაც ირგვლივ ბევრი საინტერესო რამ ხდება და იქამდე არ იძვრიან, სანამ გარემო უინტერესო არ გახდება; ყურებთან ახლოს უკონწიალებთ რობინიას ვარდისფერი, მძიმე მტევნები, რომლის ტკბილი ნექტარით ჭორიკანა მწერები მხოლოდ იმ შემთხვევაში ნებივრობენ, თუ ხეს საინტერესო ამბებს მოუყვებიან; კენწეროზე და ფესვებთან ამოსდით სოკოები განსაკუთრებულად მგრძნობიარე ქუდებით, რომლითაც ცნობისმოყვარეები მცირე გაფაჩუნებასაც კი გრძნობენ, ტანზე კი მცოცავი მცენარეები ეხვევათ, რომელთა ტოტების ქსელიც ძალიან შორს არის მიმოხლართული. მათი საშუალებით ხეებს დიდი მანძილის მოშორებითაც კი შეუძლიათ იმას შეეხონ, რაც დააინტერესებთ.

ტყის საინტერესო, ჯადოსნური და მოულოდნელობებით სავსე ისტორიები მერქანზე სპირალებად ისახება, ამიტომ, ბუნებრივია, თუ ცქვიტი და ჭორიკანა ჭინკები მით უფრო ეტანებიან ხეს, რაც უფრო დახუნძლულია ის ორნამენტებით. მეგობრობის წინააღმდეგი არცერთი არაა, ერთი თავის ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებს, მეორე საყვარელი საქმით, ცელქობით და ჭორიკნობით იქცევს თავს. ხანდახან, რაღაც ამბის მოყოლისას, ყველაფერი უფრო თვალნათელი რომ იყოს, ჭინკები ხეების ირგვლივ პატარ-პატარა სპექტაკლებს დგამენ. ასე ისტორია უფრო სახალისო ხდება, ხოლო ბოლოს, როცა პატარა ოინბაზები მიმბაძველობით იქანცებიან, ფესვებში მოკალათდებიან, ხის უხეში, მაგრამ სიყვარულით დალბობილი ტოტების ალერსზე ინაბებიან და გულდასმით ისმენენ დიდი იფანის საგულისხმო ისტორიას.

Wednesday, October 22, 2014

ალირემას ამბავი


ყის ფუთფუთა სიჩუმეში უცნაური წკრიალი, ხრაშუნი და ფლოქვების დგაფუნი თუ გაკრთა, ესე იგი ხეებს იქეთ ალირემა თავისი კვერთხის მოსართავად ახალ ჯადოსნურ ქვებს და ბუმბულებს ეძებს, ძიება-ძიებაში შემთხვევით თქვენამდეც თუ მოჯირითდა, დაბნეულობის ან შიშს ნაცვლად, გაცილებით გონივრული იქნება, ჯიბეები მოიქექოთ და რამე, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ აუცილებლად ლამაზი ნივთი გაუწოდოთ - ეს პატარა საჩუქარი შეიძლება თქვენი მეგობრობის დასაწყისი გახდეს, ხოლო თუ გაანებივრებთ, ალირემას ძველ, საგულისხმო ისტორიაც მოისმენთ, მაგრამ მოდი, ნუ დაველოდებით თქვენს შეხვედრას და დამეგობრებას, რომელიც შეიძლება სულაც არ შედგეს.

ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, როცა ადამიანები ჯერ კიდევ არ ნადირობდნენ ტყის ცხოველებზე - იყო ასეთი დროც, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ამ ხანებში ირმებს ყველაზე დიდ პატივს სცემდნენ და ყოველ ახალმთვარეობაზე, უახლოესი სოფლებიდან ადამიანები ორნამენტებიანი სამაჯურებით, ულამაზესი კენჭებით, იშვიათი ხეების ხმელი ფოთლებით და სხვა, ათასი საჩუქრით ხელში ირაზმებოდნენ ყველაზე ხნიერი ირმის ბუნაგისკენ, სადაც რიგრიგობით ჰკიდებდნენ მხცოვანს რქაზე საკუთარ ძღვენს. სანაცვლოდ, ირემი ახალ მთვარეს ადამიანებისთვის სიკეთეს სთხოვდა. ყველა კმაყოფილი და მშვიდი იყო, სანამ ერთერთი სოფლის მცხოვრების გონებაში ბოროტი აზრები არ აიშალა.

ეს ადამიანი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც თავისი ერთადერთი სურვილი - ცოლად შეერთო სოფლის ყველაზე ლამაზი და მიუღწეველი ქალი - ხელმომჭირნეობის გამო ვერ აესრულებინა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სიყვარულმა და სასოწარკვეთამ იქამდე მიიყვანა, თავში აზრად მოუვიდა, ლამაზმანისთვის ირმის, ძვირფასეულობებით დახუნძლული რქა მიერთმია. იდეა გონებაში გაუჯდა და მალე აასრულა კიდეც, რითაც თვითონაც დიდი მოულოდნელობა დაიტეხა თავს და თავის სატრფოსაც, გულისმომგები საჩუქრის ნაცვლად, უცნაურობა შეამთხვია - ირმის რქით აღფრთოვანებული ქალი, რომელმაც საჩუქრის მიღებისთანავე ტყის მშვენიერებით თავი შეიმკო, ფეხებბანჯგვლიან, ირმისრქიან ალად იქცა, კაცი კი ყვავად.

მას შემდეგ ხეებს ათასჯერ დასცვივდათ ფოთლები, ათასმა წყალმა ჩაიარა და ათასი კენჭი დაქუცმაცდა ქვიშად, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება, ალირემას პატარ-პატარა საუცხოო ნივთები ისევ უჩქროლებს გულს, მისი მუდმივი თანმდევი ყვავი კი ძველებურად ცდილობს, ქალბატონი გაახაროს - თავისი მოუხელთებელი ფრთების დგაფუნით ათას ჯურღმულში დაძრწის და უჩვეულო ნივთებს ეძებს.
არამგონია, რომელიმე ბედს უჩიოდეს, ალბათ უფრო პირიქით. მცირეხნიანი შეგუების და გაოგნებისგან გამორკვევის შემდეგ, ორივე მიხვდა, ბებერი ირემი არც ისე მკაცრი აღმოჩნდა - ჩვეულებრივი, მოსაწყენი, ადამიანური ცხოვრების ნაცვლად ისინი ტყის შვილებად იქცნენ, ყოველთვის ერთად არიან და აღმოჩენებით სავსე, ველური ცხოვრებით ცხოვრობენ. ლმობიერების მიზეზი ალბათ ის ძლიერი სიყვარული იყო, რომლის გამოც კაცმა ირემი გაიმეტა. ტყის ბრძენებმა კარგად იციან, ადამიანური სიყვარული მხოლოდ კეთილშობილების წყარო არაა, ხანდახან მისგან შეიძლება დიდი ბოროტებაც იშვას, ალირემად და ყვავად გადაქცევა კი გაკვეთილი იყო, რომლითაც ადამიანები ისწავლიან, ტყეს როგორი სიყვარული შეუძლია.

Monday, October 20, 2014

ზანტზე ზარმაცი



 უ ვინმეს მეგობრობის და ურთიერთზრუნვის სწავლა ჭირდება, საუკეთესო გაკვეთილს ტყის იმ ნაწილში წააწყდება, სადაც ზარმაცი ჭინკები და ზანტი ხეები ცხოვრობენ.

ფოთლებით და ხავსით დარბილებულ მიწაზე კოტრიალი მთელი დღეების განმავლობაში, ხშირ ტოტებში გამოპარული მზის სხივების სითბოზე ნებივრობა, ძილი და სიზმრადაც ერთ ადგილას ჯდომა - აი, ზარმაცი ჭინკების თითქმის მთელი ცხოვრება, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს მოსაწყენია, მაგრამ ამ ტყეში დახავსებამდე უძრაობაც შეიძლება საინტერესო იყოს, მით უმეტეს, თუ მეგობრებად მოძრავი ხეები და ლამაზი ქუდების მოყვარული სოკოები გყავს. 

რომ არა ეს გულთბილი და მზრუნველი ხეები, ზარმაცი ჭინკები კარგა ხნის წინ გადაიქცეოდნენ ხავსმოდებულ ფიგურებად, რომლებზეც მცოცავი სუროები სიამოვნებით მოკალათდებოდნენ, მაგრამ მეგობარი ხეების წყალობით, უძრაობის კვალი მხოლოდ ჭინკების ტერფებს ეტყობა. ისინი, ტყეში მცხოვრებლის კვალობაზე, უჩვეულოდ რბილი და სათუთია.
მეგობრებს შორის სიყვარული იმდენად ძლიერია, ხეები ფესვების გადგმის და მიწის წვენით ტკბობის ნაცვლად მოძრაობას იწყებენ და ზანტად, მაგრამ მაინც მიგოგმანებენ ფოთლებში ჩაფლულ მცონარებთან, ტოტებით ფრთხილად აჰყავთ, უძრაობის მტვერს ფერთხავენ, ასეირნებენ და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხემ კარგად იცის, ამდენი პრანჭია მეგობარი სოკოს გადამკიდე, გასეირნება დიდი ხანი გაგრძელდება, თავის მოუხელთებელ ტოტებს არ ზოგავენ რბილტერფას გასამხიარულებლად.

ზარმაცი ჭინკები ძალიან კარგად ხატვენ, განსაკუთრებით სოკოების ქუდებზე. აი, რატომაა ტყის ამ ნაწილში ამდენი ლამაზქუდიანი სოკო ერთბაშად. როცა სეირნობის დრო დგება, ზანტი ხეები წინასწარ ამზადებენ საღებავებს ტყის კენკრისგან, საკუთარი მერქნისგან, სხვა, ათასი რამისგან და მეზობელ სოკოებს დაუვლიან ხოლმე ზარმაცი ჭინკით ხელში. ასეთი გასეირნებების მერე ტყე ყოველთვის გაცილებით ჭრელი და ლამაზი ხდება, დღე - მოძრაობით სავსე და საინტერესო, ღამე კი ხის ფუღუროში, ბუზღუნა ბუსთან ერთად - მშვიდი და თბილი.



Friday, October 17, 2014

ბლეყვი ჭინკები

              
ინც ჭინკების ტყეში არასდროს ყოფილა და მასზე მხოლოდ ბებია-ბაბუისგან იცის, ბუნებრივია, თუ ჰგონია, რომ ყველა ჭინკა ერთნაირია. სინამდვილეშიც ეგრე რომ იყოს, ტყე ხომ მოწყენილობისგან დახმებოდა, ყველა მასში მცხოვრები არსება კი მთქნარებით იქნებოდა თავმობეზრებული.ჭინკა იმდენნაირი ხასიათის არსებობს, რამდენნაირიც - კენჭი მდინარეში, ყველას სხვადასხვა საქმე, საზრუნავი და საყვარელი თავშესაქცევი აქვს, მაგრამ ერთი რამ, რაც ყველას აერთიანებს, თამაშის და ოინბაზობის განსაკუთრებული სიყვარულია.

ზოგიერთ მათგანში ეს სიყვარული იმდენად მძაფრია, ნაკადულების ქვებზე ხტუნაობის, გამოქვაბულების ლაბირინთებში დამალობანას თამაშის, ტყის ცხოველებზე ჯირითის და მერე, დაქანცულზე ხის ფესვების სიგრილეში გდების გარდა არაფერს აკეთებენ. ასეთ ჭინკებს ბლეყვებს ეძახიან და მიუხედავად მუდმივი გართობისა, სადმე თუ გადაგეყარნენ, დარწმუნებულები იყავით, განსაკუთრებულად სევდიანი თვალების გამო, არცერთ სხვა ჭინკაში არ აგერევათ. არავინ იცის, რატომ შეიძლება ტყის, თითქოს ყველაზე უდარდელ არსებებს მთელი თაობების განმავლობაში სევდა თვალებში ერთნაირად ღრმად ჰქონდეს ჩამჯდარი, მხოლოდ ზოგი მათი მეგობარი, ვინც შესწრებია, როგორ იკლაკნება ჭინკა ტკივილისგან, როცა ადამიანები რომელიმე ხეს ჭრიან, საღ ტოტს ტეხავენ ან თუნდაც, სიცოცხლის წვენით სავსე ფოთოლს წყვეტენ, მიმხვდარა, რომ ეს, ჭადრის ნაყოფის გულივით ფუმფულა და ჩიტირეკია არსება იმდენად მგრძნობიარეა, ტყის ყოველ დანაკარგს გრძნობს და განიცდის.


ბლეყვების პატარა მეგობრებს, რომლებსაც მაღალი ხეების ტოტებზე მოკალათება ან მოზრდილი სოკოების უკან მოხერხებულად დამალვა და თვალთვალი ჩვეულებრივ საქმედ გახდომიათ, ისიც უნახავთ, ადამიანების უტიფრობით განრისხებული ჭინკა როგორ მიძუნძულებულა ხის მჭრელებთან, თავისი ტორებით რომ დაეცვა ხე, რომლის ფესვებშიც წინა დღეებში გრილდებოდა.

ასეთი სიბრაზის მერე ყველას ცოტათი ეუხერხულებოდა ხოლმე მისთვის ბლეყვის დაძახება, მაგრამ ერთი, მდინარის სველ ქვებზე ხტუნაობა, ფეხის ასხლტომა, წყალში ზღართანი და ბალნის გორგალის სევდიან სახეზე ისევ ძველებური, კეთილი, ბლეყვური ღიმილი ბრუნდებოდა ხოლმე. 


შესავალი

ყეში ან ტყესთან მოსეირნეს, თავში ქვა თუ მოგხვდა, ფოთლების შრიალს ან წიწვების შხუილს კეკლუცად წარმოთქმული შენი სახელი შეერია ან მთის ნაკადულივით გრილი და სუფთა ხმით ღიღინი შემოგესმა; სოკოების ჯადოსნურ წრეებს თუ გადააწყდი და ხეებს შორის გაელვებული უცნაური არსებები დალანდე, ესე იგი ჭინკების ტყესთან ყოფილხარ ახლოს და ეს იმის დროა, ან კისრისტეხით მოკურცხლო, ან გამბედაობა მოიკრიბო და გზა გააგრძელო.

ადამიანებს, როგორც წესი, გვეშინია და გვძულს ის, რისი გაგებაც არ შეგვიძლია, მით უმეტეს, თუ ეს რაღაც ხეების უკან იმალება და ისე გაპამპულავებს, როგორც მოუნდება, მაგრამ თუ შიშს ცნობისმოყვარეობა აჯობებს და ერთი ტოტიდან მეორეზე გადამსხლტარ ბანჯგვლიან ჭინკებს ტყის სიღრმეში შეყვები, მიხვდები, აქაც იგივე მოთხოვნები და სურვილები აქვთ, რაც ტყის გარეთ, ქალაქებში და სოფლებში: თამაში, სიყვარული, ყურადღება. განსხვავება მხოლოდ მოთხოვნის ფორმებშია, ზოგჯერ კი არც.
მაშ ასე, ტყეში ან ტყესთან მოსეირნეს, თავში მოხვედრილ ქვას სხვა, უჩვეულო რაღაცებიც თუ მიყვა, შენ კი შეგეშინდა, გაბრაზდი ან ეს ყველაფერი ბოროტებად მონათლე, ალალი ყოფილა შენზე ჭინკას ცელქობა - არავის ეპატიება იმდენად გაზრდა, ბავშვობა რომ დაივიწყოს, ისევე, როგორც არავის ეპატიება ისე გაუცხოება, ტყის ჯადოსნურობა ბოროტებად მონათლოს, მისი ბინადრები კი მტრებად გაიხადოს.